logo
ENG



"ღირსეული პარტნიორი" - აშშ-ის სამხედრო ტექნიკის მარში სენაკიდან ვაზიანამდე, გორის გავლით

06 სექ 202019:53
3 წუთის საკითხავი
 
8n8x0wjheynb4af.jpg

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, მრავალეროვნულ სწავლებაში ღირსეული პარტნიორი 2020 მონაწილე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებია დამაგრებული, სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა. 

გზად სამხედრო ტექნიკამ გორში შეიარა და ქალაქის ცენტრში მარშირებით ნელი სვლით ჩაიარა.

ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 5 სამხედრო კონვოი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით ჩაივლის. სამხედრო კონვოის მეორე ნაწილი კი, სწავლების თეატრში - ვაზიანში 8 სექტემბერს გადაადგილდება.

„ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „Ocean Freedom“ ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

დღევანდელ მარშს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა. 

"დღეს ერთობლივ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020” მონაწილე აშშ-ის არმიის სამხედრო ტექნიკის კონვოიმ მარშირებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ქალაქი გორი გაიარა. ეს ქალაქი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს. სწავლება „ღირსეული პარტნიორი” ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას COVID პანდემიის რთულ პირობებშიც კი". - აცხადებს საელჩო. 


close დახურვა